საფეხბურთო ჰოროსკოპი: რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული ფეხბურთელები?

ფეხბურთი უამრავი ადამიანის გატაცების სფეროა. ადამიანებს ფანატიკურად უყვარდებათ ამ სპორტის წარმომადგენლები და ბევრ მოთამაშეს კარიერის დასრულების შემდეგაც აღმერთებენ. რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი ფეხბურთელისთვის, რათა მარადიულად დარჩეს გულშემატკივრების გულში?

დიდებულ ფეხბურთელად ქცევა უკავშირდება ნიჭს, თავდაუზოგავ შრომას, ხელსაყრელ გარემოსა და ხშირად გამართლებასაც.

ლეგენდარული სპორტსმენობა მცირე რაოდენობის ადამიანთა ხვედრია. წარმოიდგინეთ, ერთდროულად რამდენი რამ უნდა შეძლო, რათა გულშემატკივართა გონებაში მუდმივად დარჩე, ათეული წლების ან თუნდაც საუკუნის გასვლის შემდეგაც კი.

გარდა უზომო შრომისა და თავდაყოლილი ნიჭიერებისა, ასტროლოგების თქმით, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ზოდიაქოსაც. სწორედ ამიტომ დღეს გთავაზობთ საუკეთესო ფეხბურთელების სიას და გაგაცნობთ თითოეული მათგანის ჰოროსკოპს.

გარდა სტატიაში განხილული 12 ძირითადი ფეხბურთელისა, ყოველი აღწერის ბოლოს შეხვდებით თითო ნიშნის ქვეშ დაბადებული მოთამაშეების ბევრად მეტ ჩამონათვალს.

ზინედინ ზიდანი (კირჩხიბი)

ზინედინ ზიდანი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო 10 ნომერი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. მას არაჩვეულებრივი ბურთის კონტროლის უნარი ჰქონდა და მისი დრიბლინგის ტექნიკა ულამაზესი სანახავი იყო ყველა მაყურებლისთვის.

აგრეთვე საუკეთესოდ შეეძლო პასის გაკეთება, თანაც ორივე ფეხით. ზიდანის მოძრაობის სიმარჯვე და თამაშის გააზრების უნარი უბრალოდ ჩინებული იყო.

ამ ყველაფერმა კი მას საუკეთესო ფეხბურთელების სიაში სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი. ცნობილი ფეხბურთელი კირჩხიბები არიან ალფრედო დი სტეფანო, ლიონელ მესი, გარეტ ბეილი და ასე შემდეგ.

პელე (მორიელი)

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადება ფეხბურთელისთვის წარმატების მისაღწევად დამატებითი ბონუსია, ვინაიდან მორიელის თანავარსკვლავედები ბევრ გენიალურ ფეხბურთელს მფარველობენ.

პელე ბრაზილიის ისტორიაში დღემდე საუკეთესოდ ითვლება და თთქმის საუკუნის შემდეგაც კი შემორჩა მეტსახელი ,,მეფე.” მისი ჭკვიანური თამაში, სისწრაფე, მოხერხებულობა და გოლების ხშირი გატანის ოსტატობა შესაშურ უნარებად ითვლება.

პელეს ეპოქის შემდეგ ფეხბურთის წესები უფრო მეტად გართულდა და დაიხვეწა, მაგრამ ,,მეფე” დღევანდელ რეალობაშიც მოახერხებდა თავისი სახელის უკვდავყოფას.

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული სხვა ლეგენდები არიან: არანაკლებ გენიალური არგენტინელი ,,ღმერთი” – დიეგო არმანდო მარადონა, უეინ რუნი, ფილიპ ლამი და სხვა მრავალი.

კრისტიანო რონალდუ (მერწყული)

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვერც ერთი მოთამაშე ვერ შეედრება რონალდუს, მისი მიღწევები შეუფასებელია და ფეხბურთის ისტორიიდან არასდროს წაიშლება.

რონალდუ ფენომენალური და წარმოუდგენლად ძლიერი შემსრულებელია მარცხენა ფლანგზე, მისი საუცხოო გონება და დრიბლინგები ნებისმიერი გუნდის მცველის თვითშეფასების ნამდვილი კოშმარია, პლუს ამას, ის საკმაოდ ბევრ გოლს იტანს.

ამ ნიშნის ქვეშ ასევე დაბადებულნი არიან: ხავი ერნანდესი, რობერტო ბაჯო, ბუფონი, ლუის სუარესი და სხვა ბევრი ფეხბურთელი.

იოჰან კრუიფი (კურო)

ძალიან ცოტა ფეხბურთელია ისეთი, რომელიც კრუიფის გასაოცარ უნარებს და ტექნიკას ფლობს. მისნაირი მოხერხებული და თანაც საკმაოდ ესტეთიური მოთამაშე არც ისე ბევრია ფეხბურთში.

მოწინააღმდეგის მოტყუება და შეტევა მისი საუკეთესო თვისება იყო და ყველას წარმოუდგენლად უჭირდა ჰოლანდიელის ჩანაფიქრის გამოცნობა. კრუიფს ფანტასტიკური კარიერა როგორც ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, ისე კლუბ ,,ბარსელონაში.”

მას მეტსახელად ,,მფრინავი ჰოლანდიელი” შეარქვეს. ინიესტა, დევიდ ბექჰემი, ბერგკამპი – ეს იმ ფეხბურთელების არასრული სიაა, ვინც კუროს ნიშნის ქვეშ დაიბადა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (სასწორი)

შვედეთის ნაკრების ქარბორბალა წლების მანძილზე არაერთი სენსაციით არის ცნობილი, ამავე დროს კი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელია.

მისი მაღალი და ძლიერი ფიზიკური მოცემულობა შანსს არ უტოვებს მეტოქეს პირისპირ შეტევისას და აგრეთვე მისი შემზარავად უხვი გოლის გატანის შესაძლებლობა სასიკვდილო განაჩენია მოწინააღმდეგისთვის.

იოზილი, დიეგო კოსტა, ნემანია ვიდიჩი და სხვა ფეხბურთელები ასევე სასწორის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ.

დენის ლოუ (თევზები)

შოტლანდიელი ფორვარდი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდაა. ის, ჯორჯ ბესტი და სერ ბობი ჩარლტონი მომაკვდილებელ ტრიოს წარმოადგენდნენ. როცა გუნდში სამივე ერთად თამაშობდა, ნებისმიერ მეტოქეს უზომოდ უჭირდა მათთან გამკლავება.

დენის ლოუ 11 წლის მანძილზე თამაშობდა იუნაიტედში და არაერთხელ გაუხარებია ფანების გული. მანჩესტერის გულშემატკივრები დღემდე თაყვანს სცემენ მას და მის სამეულს. ასევე ცნობილი ფეხბურთელი თევზები არიან: კენი დალგლიში, ალესანდრო ნესტა და დიდიე დროგბა.

რონალდინიო (ვერძი)

მარად მომღიმარი ბრაზილიელი ბევრი რამის გამო არის ლეგენდა. ის ნამდვილი სასწაულია ფეხბურთის სამყაროსთვის. ბევრ ადამიანს სწორედ მის გამო შეუყვარდა ფეხბურთის ყურება.

რონალდინიოს თავბრუდამხვევი დრიბლინგები და ბურთის კონტროლი ის რაღაცაა, რაც არ ისწავლება. მისი ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო.

ფეხბურთელის ძველი მომენტების ვიდეოებს დღემდე უამრავი გამოხმაურება აქვს. სხვა ფეხბურთელი ვერძები არიან: კარლეს პუიოლი, პუსკასი, ფრანკ რიბერი და ასე შემდეგ.

რონალდო (ქალწული)

ბრაზილიელი თავდამსხმელი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის თაობაში და არამხოლოდ. მისი სიმარჯვე და გოლების გატანის უნარი დღესაც გაღმერთების საგანია ფეხბურთის მოყვარულების მხრიდან. ის კლასიკური ცხრიანი იყო და მისი გაჩერება ჯარიმის დანიშვნის ხარჯზეც ძალიან რთული გახლდათ.

რონალდო მთელი კარიერის მანძილზე გოლების მანქანად ითვლებოდა. ამ ნიშნის ქვეშ ასევე დაბადებულნი არიან სხვა ლეგენდებიც: რუგ გულიტი, პაველ ნედვედი, ფრანც ბეკენბაუერი და სხვები.

ჯორჯ ბესტი (ტყუპები)

ჯორჯ ბესტი უძვირფასესი ფეხბურთელი იყო და მანჩესტერის შეუცვლელი მარგალიტი. ასევე ის გახლდათ პირველი ფეხბურთის მოთამაშე, ვინც გაასამართლეს. მისი ამპარტავანი ხასიათი და რთული ქცევები ხშირად იყო განხილვის საგანი.

მაგრამ თან ის გახლდათ უნიჭიერესი შემტევი, ვისთვისაც გოლის გატანა მეტისმეტად მარტივ ოპერაციას წარმოადგენდა.

ბესტმა დიდი სახელი მოიხვეჭა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდად იქცა. ამავე ნიშნის ქვეშ დაიბადა მანჩესტერის კიდევ ერთი ლეგენდა ერიკ კანტონა. ასევე ოლივერ კანი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და სხვა.

ედენ აზარი (თხის რქა)

ეს გამონაკლისი ნიშანია, რომლის მფარველობის ქვეშაც დიდებული ლეგენდები არ დაბადებულან, თუმცა კარგი მოთამაშეები თხის რქასაც არ აკლია.

უკანასკნელი წლებია ედენ აზარი ამომავალი ვარსკვლავი და გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეა და დღემდე ყველა ცნობილი გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი. ფლანგებზე მისი პერფორმანსები უზადო და გასაოცარია.

აზარის ბურთის კონტროლის უნარი და დრიბლინგი არის ის, რითიც მან არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. მის გარდა თხის რქას წარმომადგენლებში შედიან ტონი კროოსი, ვიქტორ ვალდესი, მაია იოშიდა და ასე შემდეგ.

ხავიერ ზანეტი (ლომი)

არგენტინელი ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე პატივსაცემ ფიგურად ითვლებოდა. მას ლეგენდარული მოთამაშის სტატუსი აქვს იტალიაშიც და არგენტინაშიც.

ძანეტი წლების მანძილზე მილანის ,,ინტერის” შეუცვლელი კაპიტანი იყო. მისი პოზიცია გახლდათ მცველი და ახერხებდა როგორც ცენტრში, ისე მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თამაშს.

ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია არგენტინის ისტორიაში. ძანეტის გარდა წარმატებული ლომები არიან: ტიერი ანრი, როი კინი, ალან შირერი და ასე შემდეგ.

რაიან გიგზი (მშვილდოსანი)

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვინგერი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში. გიგზმა მთელი კარიერა იუნაიტედში გაატარა და სხვადასხვა პოზიციაზეც უცდია თამაში, თუმცა ყველაზე კარგი ფლანგებზე იყო.

ამ დროს ის ნამდვილი კოშმარი იყო მცველებისთვის და გასაოცრად ლამაზ სანახაობას ქმნიდა ფეხბურთის მაყურებლებისთვის. გიგზის გარდა ცნობილი მშვილდოსნები გახლავთ მეტ ჰუმელსი, კარიმ ბენზემა, ჯონ ტერი და სხვა მოთამაშეები.

თქვენთვის რომელი ფეხბურთელია გამორჩეული? როგორც ნახეთ, არის ნიშნები, რომელთა მფარველობის ქვეშ საკმაოდ ბევრი გამორჩეული ფეხბურთელია დაბადებული. თქვენი აზრით, ეს დამთხვევაა თუ აქვთ ვარსკვლავებსაც გარკვეული წვლილი? თქვენ როგორ ფიქრობთ, გააჩნია რაიმე გავლენა ჰოროსკოპს კარიერულ წარმატებაზე? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!

Leave a Comment